რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები ადმინისტრაციას კომპანიაში არსებული ,,ქცევის კოდექსის” ბათილად ცნობას მოითხოვს

Posted on Updated on

2014 წლის 8 ოქტომბერს, დირექტორთა საბჭომ N21/53 დადგენილებით დაამტკიცა ,,საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთა ქცევის კოდექსი.

დოკუმენტის თანახმა, კოდექსი წარმოადგენს კომპანიის და თანამშრომლის შრომითი ურთიერთობის განუყოფელ ნაწილს და მისი დარღვევა მიიჩნევა შრომის ხელშეკრულების დარღვევად.

შრომის კოდესქსისა და კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ძალის დოკუმენტის მიღების უფლება რკინიგზის ადმინისტრაციას ერთპიროვნულად არ გააჩნია!

,,საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთა ქცევის კოდექსი არ არის შეთანხმებული რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან, შესაბამისად პროფკავშირმა მოუწოდა მის წევრებს არ მოაწერონ აღნიშნულ დოკუმენტს ხელი და დაელოდონ ,,ახალი პროფკავშირის” რეკომენდაციებს.

საქართველოს რკინიგზელტა ახალმა პროფესიულმა კავშირმა მალევე მოახდინა დოკუმენტის შესწავლა და 2014 წლის 6 ნოემბერს, გენერალურ დირექტორს წერილობით მიმართა.

უცვლელად გთავაზობთ ქცევის კოდექსთან დაკავშირებით გაგზანილ რეკომენდაციებს:

სს ,,საქართველოს რკინიგზა“–ს გენერალურ დირექტორს

ბატონ მამუკა ბახტაძეს

ბატონო მამუკა

,,საქართველოს რკინგზის ახალი პროფესიული“ კავშირი გაეცნო 2014 წლის 1 ოქტომბრის #21/53 დადგენილებით დამტკიცებული სს “საქართველოს რკინგზის” თანამშრომელთა ქცევის კოდექსს და საჭიროდ მიაჩნია რეკომენდაციებისა და შენიშვნების მომზადება, რათა აღნიშნული ქცევის კოდექსი არ გახდეს საფუძველი რკინიგზაზე დასაქმებულთა უკანონო გათავისუფლებისა და ზოგადად,  მათზე კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებების უგულებელყოფა.

დავიწყოთ იქედან, რომ ახალ პროფესიულ კავშირთან გაფორმებულ კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს რკინიგზას გააჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, უზრუნველეყოს  პროფესილი კავშირის ჩართულობა მსგავსი ტიპის დოკუმენტის მომზადებაში, როგორც ეს კოლექტიური ხელშეკრულების მესამე თავის 3.1.3. პუნქტშია გაწერილი.  თავისთავად ამ პროცესებში პროფკავშირის დროული ჩართულობა გამოიწვევდა გარკვეული შენიშვნების, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებას, რაც შესაბამისი პროცედურების გავლით წარდგენილი იქნებოდა საქართველოს რკინიგზაში და არ მოხდებოდა კოლექტიური ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტის დარღვევა საქართველოს რკინიგზის მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ ქცევის კოდექსი არ უნდა ატარებდეს შინაარსობრივად სადამსჯელო ხასიათს. ქცევის კოდექსით უნდა რეგულირდებოდეს ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, ის რომ წარმოდგენილი კოდექსით უნდა დარეგულირდეს ურთიერთობა კოლეგებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან და ა.შ. ეს  ძალიან კარგია, რადგან ქცევის კოდექსის არსებობის ძირითადი პრინციპი და მიზანიც ეს არის ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის, მაგრამ ისეთი საკითხების დარეგულირება საკუთარი შეხედულებისამებრ, რომელიც უკვე დარეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობით აბსოლუტურად მიზანშეუწონელია. მაგალითად ქცევის კოდექსში ლაპარაკია ქრთამზე და აქვე განმარტებულია, რომ ქრთამის აღება – მიცემა საქართველოს რკინიგზის მხრიდან მიჩნეული იქნება კანონდარღვევად –  სისხლის სამართლის კოდექსით ისედაც აკრძალულია მსგავსი ქმედებების ჩადენა. ასე, რომ ქრთამის აღების ან თუნდაც სხვა დანაშაულის ჩადენის უკანონოდ მიჩნევას არ ჭირდება საქართველოს რკინიგზის კეთილი ნება და არ არის საჭირო მსგავსი ჩანაწერის ქცევის კოდექსში არსებობა.  გაუგებარია, რატომ არის აქცენტი გაკეთებული მხოლოდ ქრთამზე, როდესაც ნებისმიერი დანაშაული მიიჩნევა კანონდარღვევად და სისხლის სამართლის კოდექსში მოცემულია დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციები.

წარმოდგენილი ქცევის კოდექსის 8.3. პუნქტიდან ირკვევა, რომ დაუდევარი მოპყრობის გამო კომპანიის შენობის, ავეჯის ან აღჭურვილობის დაზიანება და მათი უნებართოთ გატანა ორგანიზაციის საოპერაციო სივრციდან წარმოადგენს დისციპლინარული სასჯელის საფუძველს. ვფიქრობთ მსგავსი ჩანაწერის არსებობაც არ არის მიზანშეწონილი მოცემულ ქცევის კოდექსში, რადგან არსებობს  საქართველოს რკინიგზის შრომის შინაგანაწესი, რომელშიც განმარტებულია დისციპლინარული სასჯელის სახეები და მათი გამოყენების წესები.

შინაგანაწესით ირკვევა, რომ დისციპლინარული სასჯელის გამოყენების საფუძველია დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნი შესრულება ნიშნავს იმ მრავალი ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, რომელიც მხარეს აკისრია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით, კოლექტიური ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით. ამრიგად მოცემული ქცევის კოდექსი არსად არ მოიაზრება და შესაბამისად მისი მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვერ გახდება დისციპლინარული სასჯელის დაკისრების საფუძველი.  გაუგებარია, რატომ კეთდება აქცენტი კონკრეტულად იმ ქმედებაზე, რომელიც ქცევის კოდექსის 8.3 პუნქტშია გადმოცემული. თუ მსგავსი ქმედება განხორციელდა და კომპანიას მიადგა ზიანი ასეთ შემთხვევაში შრომის შინაგანაწესში მოცემულია მატერიალური პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის. მსგავსი ელემენტების არსებობის შემთხვევაში გაუგებარი რჩება, რა ფორმის უთიერთობებს უნდა არეგულირებდეს მოცემული ქცევის კოდექსი.

ამავე ქცევის კოდექსში ლაპარაკია პრიორიტეტებზე, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ჩანაწერი შეიძლება არსებობდეს ქცევის კოდექსში, თუმცა არამართებულად მიგვაჩნია პრიორიტეტში კომპანია მოიაზრებდეს მხოლოდ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას. პრიორიტეტებზე და ზოგადად ქცევის კოდექსის მიზნებსა და პრინციპებზე თავშივე უნდა იყოს განმარტება და როდესაც აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდება საბოლოოდ, აქვე უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომ კონფიდენციალური უნდა იყოს ასევე ინფორმაცია დასაქმებულის პროფკავშირული კუთვნილების შესახებ.

ქცევის კოდექსის 2.5 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: თანამშრომელი არ განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც შესაძლოა ზიანისმომტანი იყოს კომპანიისათის, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა.

ყურადღება მისაქცევია ასევე წარმოდგენილი ქცევის კოდექსის 12.2 პუნქტში არსებული ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ თანამშრომლის ხელთ მოხვდება ინფორმაცია ნებისმიერი სახის თაღლითობის, ქურდობის ან კორუფციის ფაქტების, ან მსგავსი განზრახვების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს ან მაკონტროლებელ ქვედანაყოფებს. 12.2 პუნქტში მოცემულ დანაშაულთა არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არსებობს სამართალდამცავ ორგანოებზე. ქცევის კოდექსით იმ ვალდებულების დაკისრება, რომელიც პირს არ გააჩნია მოქმედი კანონმდებლობით, ყოვლად გაუმართლებელია. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მსგავსი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს ქცევის კოდექსში, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულია, კონკრეტულად რა სახის დანაშაულთა შეუტყობინებლობა ითვლება კანონდარღვევად და აბსოლუტურად ზედმეტია ვინმეს თავს მოვახვიოთ ვალდებულება, რომელიც მას კანონით არ აკისრია. მოცემული ქცევის კოდექსი არ უნდა წარმოადგენდეს შრომითი ურთიერთობების განუყოფელ ნაწილს და შესაბამისად მისი დარღვევაც არ უნდა ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების დარღვევად, რადგან საქართველოს რკინიგზას ქონდა და აქვს ვალდებულება კოლექტიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონსულტაციები გამართოს პროფესიულ კავშირთან და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენის გათვალისწინების შემდგომ იმსჯელოს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

მთავარი და არსებითი, რაც წარმოდგენილი ქცევის კოდექსის დამტკიცებით დაირღვა, არის ის რომ მიმდინარე პროცესების მსვლელობაში ჩართული არ ყოფილა პროფესიული კავშირი, როგორც ეს კოლექტიური ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და კოდექსი, რომელიც შეიქმნა და არის მცდელობა იგი გახდეს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის ცალმხრივად საკუთარი ნების გამოვლინებას.

აქედან გამომდინარე საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოითხოვს საქართველოს რკინიგზამ ბათილად გამოაცხადოს 2014 წლის 8 ოქტომბრის # 21/53 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა ქცევის კოდექსი. კოლექტიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოლაპარაკებები გამართოს პროფესიულ კავშირთან და  შემუშავებულ იქნეს პროფესიულ კავშითან შეჯერებული ქცევის კოდექსის ახალი ვარიანტი.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის

თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s