დებულება

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პირველადი

პროფკავშირული ორგანიზაციის

   დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

1. ზოგადი დებულებები

1.1 საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, შემდგომში “პირველადი პროფორგანიზაცია”, ნებაყოფლობით იქმნება დარგის დაწესებულებაში, საწარმოსა და ორგანიზაციაში არა ნაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით და წარმოადგენს პროფესიული კავშირის საფუძველს.

1.2. პირველადი პროფორგანიზაცია რეგისტრირდება პროფესიული კავშირის გამგეობაში,
1.3. პირველადი პროფორგანიზაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შრომისა და სამოქალაქო კოდექსებით, საქართველოს კანონებით “პროფესიული კავშირების შესახებ”, ზემდგომი პროფკავშირული ორგანოების დადგენილებებით, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წესდებით და ამ დებულებით;

1.4. პირველადი პროფორგანიზაცია არ არის იურიდიული პირი, არ ექვემდებარება რეგისტრაციას და სარგებლობს დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელი ორგანოს საიდენტიფიკაციო კოდით, აქვს თავისი ბეჭედი , რომელთა ნიმუშებსაც ამტკიცებს დარგობრივი პროფკავშირის კოლეგიალური ორგანო (გამგეობა);

II . პირველადი პროფორგანიზაციის
ორგანიზაციული მოწყობა

2.1. პირველადი პროფორგანიზაციის შექმნის საკითხს წყვეტს დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს თანამშრომელთა კრება;

2.2. პროფესიულ კავშირში მუშაკის მიღება ან კავშირიდან გასვლა ხდება ინდივიდუალური წესით პირადი განცხადების საფუძველზე რკინიგზელთა პროფესიული კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით;

2.3. პირველადი პროფორგანიზაციის მიერ პროფკავშირის წევრზე გაიცემა დადგენილი ნიმუშის პროფკავშირის წევრის მოწმობა;

2.4. პირველადი პროფორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა კრება რომელიც მოიწვევა საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ არა ნაკლებ ერთისა წელიწადში.

2.5. პროფესიული კავშირის პირველადი პროფორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კრება (კონფერენცია) ისმენს პროფკომიტეტის ანგარიშს ჩატარებული მუშაობის შესახებ და შეაფასებს მას; ისმენს და ამტკიცებს საკონტროლო-სარევიზიო კომისიის მოხსენებას; იღებს დადგენილებებს მომავალი საქმიანობის შესახებ, ირჩევს პროფკომიტეტს, საკონტროლო-სარევიზიო კომისიას, კომისიის თავმჯდომარეს, დარგობრივი პროფესიული კავშირის ყრილობის დელეგატებს,
– იხილავს საწესდებო დავალებების შესრულებას დასაქმებულთა შრომის დაცვის, სამედიცინო მომსახურების, შრომის ანაზღაურების სოციალურ-სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მდგომარეობას, კოლექტიური ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობას და სხვა, იღებს დადგენილებებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

2.6. კრებებს, კონფერენციებს შორის პირველადი პროფორგანიზაციის საქმიანობას წარმართავს კრების (კონფერენციის) მიერ არჩეული პროფკავშირის კომიტეტი:
– პროფკომიტეტის სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ ერთისა ოთხ თვეში. სხდომა უფლებამოსილია, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს პროფკომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. პროფკომიტეტის სხდომის მსვლელობა და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს პროფკომიტეტის თავმჯდომარე.

2.7. პირველად პროფორგანიზაციაში პროფკომიტეტი აირჩევა თუ წევრთა რაოდენობა 15 და მეტია. თუ წევრთა რაოდენობა 15-ზე ნაკლებია, აირჩევა პროფორგანიზატორი (პროფჯგუფორგი). პროფორგანიზატორი (პროფჯგუფორგი) მოქმედებს პროფწევრთა (არანაკლებ 5 წევრისა) კრების რწმუნებით.

2.8. პროფორგანიზატორი, პროფკომიტეტი ანგარიშვალდებულია პროფორგანიზაციის, პროფკავშირის კრების (კონფერენციის) და ზემდგომი პროფკავშირული ორგანოს წინაშე;

2.9. პირველადი პროფორგანიზაციის არჩევითი ორგანოების რწმუნების (უფლებამოსილების) ვადა განსაზღვრულია დარგობრივი პროფკავშირის წესდებით და შეადგენს 4 წელს;

2.10. პირველადი პროფორგანიზაციის არჩევითი ორგანოების ვადამდელი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს განსაკუთრებულ შემთხვევაში პროფკავშირის წევრთა 50% პლიუს ერთის მოთხოვნით ან ზემდგომი პროფკავშირული ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად;

2.11. საჭიროების მიხედვით, მუშაობის გააქტიურებისა და პროფაქტივის საქმიანობაში ჩაბმის მიზნით პროფკომიტეტთან შეიძლება შეიქმნას მუდმივმოქმედი ან დროებითი კომისიები, შრომის საზოგადოებრივი ინსპექციები და სხვა.
III. პირველადი პროფორგანიზაციის უფლებები და
მოვალეობანი

3.1. პირველად პროფორგანიზაციას უფლება აქვს მოსთხოვოს დამსაქმებელს არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში შეუქმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისათვის საჭირო პირობები (საქართველოს კანონი პროფკავშირების შესახებ, მუხლი 25);

3.2 პირველადი პროფორგანიზაცია, პროფკომიტეტი
– იცავს თავისი წევრების შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს;
– ხელს უწყობს დასაქმებულებს გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, მოითხოვონ და მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება შეუფერხებლად;
– საზოგადოებრივ კონტროლს უწევს ადმინისტრაციასა (დამსაქმებელსა) და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმების და შესრულების მდგომარეობას. საჭირო შემთხვევაში იღებს ზომებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
– მონაწილეობას იღებს დაწესებულების, ორგანიზაციის საწარმოს შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმების განხილვაში და საჭიროების შემთხვევებში შეიძლება შეიმუშაოს ალტერნატიული წინადადებები;
– დამსაქმებელთან ერთად განიხილავს და აწესებს შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობას;
– იხილავს და წყვეტს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წამოჭრილი შრომითი დავის საკითხებს და ა.შ.;

3.3. პირველადი პროფორგანიზაციის პროფკომიტეტს უფლება აქვს:
– კანონმდებლობის გამოყენებით ყოველნაირად შეეწინააღმდეგოს სამუშაო ადგილების შემცირებას, მუშაკთა უკანონო განთავისუფლებას, შრომის პირობებისა და ანაზღაურების გაუარესებას;
– კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას და წარმოადგინოს დასაქმებულთა უფლებები სახელმწიფო ორგანოებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში;
– საჭირო შემთხვევაში, კანონმდებლობის სრული დაცვით მოამზადოს და ჩაატაროს აქციები, მიტინგები, დემონსტრაციები, გაფიცვა და სხვა საპროტესტო ღონისძიებები;

3.4. პირველადი პროფორგანიზაციის პროფკომიტეტი ვალდებულია:
– ეფექტურად გამოიყენოს პროფესიული კავშირებისათვის საქართველოს კანონებით მინიჭებული უფლებები;
– პრინციპულად მოითხოვოს დასაქმებულთათვის შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნა;
– კანონმდებლობის ფარგლებში დაეხმაროს დასაქმებულს სამუშაოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მოშლისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში;
– უზრუნველყოს მუშაკის შრომის, დასვენების, შვებულების უფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

3.5. პროფკომიტეტი, პროფორგანიზატორი ზემდგომ პროფორგანოს აწვდის საფინანსო, სტატისტიკურ და სხვა ანგარიშებს, აგრეთვე წერილობით ინფორმაციებს პირველადი პროფორგანიზაციის მუშაობის და დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, საწარმოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

IV. პროფკავშირის წევრად მიღება და წევრობის შეწყვეტა
4.1. დასაქმებული პროფკავშირის წევრად მიიღება პირადი განცხადების საფუძველზე, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის გამგეობა მიმართვიდან 1 თვის ვადაში
4.2. პროფკავშირის წევს შეიძლება შეუწყდეს წევრობა:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე
ბ) საწესდებო მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში
4.3. დებულების 4.2. მუხლით გათავლისწიენბულ შემთხვევებში პროფკავშირის წევრობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დარგობრივი ორგანიზაციის გამგეობა განცხადების მიღებიდან 2 თვის ვადაში.
V. პირველადი პროფორგანიზაციის ქონება
და სახსრები.

5.1. პირველადი პროფორგანიზაციის ქონებას წარმოადგენს მის ანგარიშზე რიცხული თანხები, ფასიანი ქაღალდები, მის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებანი, ინვენტარი;

5.2. პირველადი პროფორგანიზაციის თანხები შედგება მის ანგარიშზე არსებული პროფსაწევროს ანარიცხების, და შემოწირულობებისაგან;

5.3. პროფკავშირის წევრის ყოველთვიური საწევრო შესატანი განისაზღვრება თვიური ხელფასის, სტიპენდიის არა ნაკლებ 1 %-სა;

5.4. პირველად პროფორგანიზაციაში აკრეფილი საწევრო ანარიცხების 100% გადაირიცხება დარგობრივი პროფესიული კავშირის ანგარიშზე, რომლის არანაკლებ 60% მას უკან დაუბრუნდება.
5.5. პირველადი პროფორგანიზაციის ანგარიშზე არსებული თანხები იხარჯება პროფკომიტეტის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით. პროფკომიტეტი ამ თანხების ხარჯვის ანგარიშს აბარებს პროფკავშირულ კრებას და ზემდგომ პროფკავშირულ ორგანოს;

5.6. პირველადი პროფორგანიზაციის პროფკომიტეტის საქმიანობას, თანხების ხარჯვისა და ქონების დაცვის სისწორეს აკონტროლებს პროფკომიტეტის საკონტროლო-სარევიზიო კომისია, რომელიც ანგარიშვალდებულია პროფკავშირული კრების, აგრეთვე დარგობრივი პროფკავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წინაშე.

VI. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის
საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია).

6.1. გადაწყვეტილება პირველადი პროფორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის (ლიკვიდაციის) შესახებ მიიღება კრებაზე (კონფერენციაზე) დარგობრივ პროფკავშირულ ორგანოსთან შეთანხმებით.

6.2. პირველადი პროფორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის (ლიკვიდაციის) შემდეგ დარჩენილი სახსრების და ქონების შესახებ საკითხს წყვეტს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კრება და დარგობრივი პროფკავშირის გამგეობა.

 

 

დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კაცშირის
II გამგეობის მიერ
2013 წლის 9 სექტემბერს

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის
თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე

 

 

 

 

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული
კავშირის არჩევითი
ორგანოს საკონტროლო-სარევიზიო კომისიის

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. ზოგადი დებულებები.

1.1. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისია (შემდგომში “კომისია”) თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, სამედიცინო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წესდების და ამ დებულების შესაბამისად.

1.2. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობასა და მის თავმჯდომარეს ირჩევს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ყრილობა იმავე ვადით, რა ვადითაც ირჩევა დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელი ორგანოები. პირველად პროფკავშირულ და სხვა არჩევით პროფკავშირულ ორგანიზაციებში (გაერთიანებული კომიტეტი, საქალაქო და რაიონული კომიტეტები) საკონტროლო-სარევიზიო კომისიებს ირჩევენ პროფკავშირის კრებები (კონფერენციები) იგივე ვადით, რა ვადითაც ირჩევა პროფორგანო-კომიტეტი;

1.3. კომისია თანამშრომლობს დარგობრივ პროფკავშირში შემავალ წევრი პროფკავშირული ორგანიზაციების საკონტროლო-სარევიზიო კომისიებთან;

1.4. კომისია თავისი მუშაობის შესახებ ანგარიშვალდებულია შესაბამისად მხოლოდ კრების, კონფერენციის, ყრილობის წინაშე, რომელიც ისმენს, იხილავს და ამტკიცებს მის საანგარიშო მოხსენებას;

1.5. კომისიის წევრები მონაწილეობენ შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს (გამგეობა, კომიტეტი) სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.
II. საკონტროლო-სარევიზიო კომისიის
ფუნქციები:
2.1. საკონტროლო-სარევიზიო კომისია ახორციელებს კონტროლს:
ა) შესაბამისი პროფორგანოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე, ყრილობის, გამგეობის, კონფერენციის, კრების გადაწყვეტილებათა შესრულებაზე;
ბ) დარგში შემავალი ორგანიზაციებიდან პროფკავშირული საწევრო ანარიცხების დროულად და სრულ ჩარიცხვაზე, სხვა ფულადი სახსრების შემოსავლებზე; კრებებზე, კონფერენციებზე, გამგეობის სხდომებზე დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე, დარგობრივი პროფკავშირის საკუთრების, მათ შორის ფულად და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე;
გ) გაერთიანებული კომიტეტის, რაიონული, საქალაქო და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე;
დ) საქმის წარმოებაზე, მოქალაქეთა წერილების, საჩივრების, განცხადებების და წინადადებების დროულად განხილვაზე.
გამოვლენილი დარღვევები სათანადო რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით შეაქვს განსახილველად შესაბამის პროფორგანოში.

2.2. საკონტროლო-სარევიზიო კომისია ახდენს პროფბიუჯეტის თანხების დანიშნულებისამებრ ხარჯვის, ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების უტყუარობის შემოწმებასა და რევიზიას.
III. საკონტროლო-სარევიზიო კომისიის
უფლებები და მოვალეობები.

საკონტროლო-სარევიზიო კომისიას უფლება აქვს:

3.1. რევიზიის ან შემოწმების ჩატარებისას მოითხოვოს საბუღალტრო, ფინანსური და სხვა საჭირო დოკუმენტების დედნების წარდგენა:

3.2. შეამოწმოს მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა ფაქტიური მდგომარეობა და მათი დაცვის უზრუნველყოფა:

3.3. რევიზიისა და შემოწმების ჩატარებისას მოიწვიოს ექსპერტები, კონსულტანტები, ჩართოს პროცესში პროფკავშირული აქტივი, აგრეთვე შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს აპარატის მუშაკები, დახმარება სთხოვოს დარგობრივი პროფკავშირის გამგეობას, მის საფინანსო განყოფილებას და სარევიზიო კომისიას:

3.4. დააყენოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც არღვევენ კანონს პროფესიული კავშირების შესახებ, შრომის კოდექსის მოთხოვნებს, თავს არიდებენ კოლექტიური ხელშეკრულებების დადებას და მათ შესრულებას, უგულველყოფენ მუშაკთა სამართლებრივ დახმარებას:

3.5. დარგობრივი პროფესიული კავშირის სარევიზიო კომისიას უფლება აქვს ზედამხედველობა გაუწიოს დაქვემდებარებაში მყოფ პროფორგანოების შესაბამისი კომისიების მუშაობას. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დარგობრივი პროფკავშირის გამგეობის მითითებებით, შეამოწმოს მათი საქმიანობა და შედეგები წარუდგინოს სათანადო პროფორგანოებს განხილვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად:

3.6. კომისიის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები და დარღვევები განხილულ უნდა იქნან შემოწმებული პროფორგანიზაციის არჩევითი ორგანოს მიერ ერთი თვის ვადაში და გატარებული ღონისძიებების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას, რომელიც იტოვებს უფლებას მათი შესრულების მიმდინარეობების გაკონტროლებაზე:

საკონტროლო-სარევიზიო კომისია ვალდებულია:

3.7. აუცილებლობის შემთხვევაში, რევიზიის ჩატარების დროს, მოიწვიოს აუდიტორი პროფბიუჯეტის ხარჯზე:

3.8. ფულადი სახსრების ან მატერიალურ ფასეულებათა დატაცების, გაფლანგვისა და განიავების ფაქტების შემთხვევაში მოსთხოვოს პროფორგანოებს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის ზომების მიღება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
IV. საკონტროლო-სარევიზიო კომისიის
მუშაობის წესი.

4.1. კომისია მუშაობს მის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად. დამოუკიდებლად განსაზღვრავს რევიზიებისა და შემოწმებების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში ატარებს დაუგეგმავ რევიზიებსა და შემოწმებებს. რევიზიის ( შემოწმების) მასალები ფორმდება სათანადო აქტით ან ცნობით, რომელსაც ხელს აწერს საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები, აგრეთვე შემოწმებული პროფორგანოს წარმომადგენელი:

4.2. კომისიის სხდომები იმართება აუცილებლობის მიხედვით, მაგრამ არა ნაკლებ 2-ჯერ წელიწადში. კომისიის სხდომა ითვლება უფლებამოსილად, თუ მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს წევრთა ორი მესამედი. კომისიის სხდომებს უძღვება თავმჯდომარე. კომისიის გადაწყვეტილების მიღება ხდება ღია კენჭისყრით და იგი ჩაითვლება მიღებულად თუ მას ხმა მისცა სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა:

4.3. კომისიის წევრები შეიძლება წახალისებულ იქნან შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს გადაწყვეტილებით შემოწმების ხარისხიანად ჩატარებისა და აქტიური მუშაობისათვის:

4.4. დარგობრივი პროფკავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისია პირველადი პროფორგანიზაციების კომისიებს უწევს მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას – ორგანიზაციას უკეთებს კომისიის თავმჯდომარეებისა და წევრების სწავლებას, უზრუნველყოფს მათ დადგენილებებით, დებულებებით, ინსტრუქციებით და სხვა ნორმატიული მასალებით. მათთან ერთად ამოწმებს პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობას:

4.5. დარგობრივი პროფკავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ესწრება გამგეობის სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით:

4.6. დარგობრივი პროფკავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს , საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის დადგენილებით შეიძლება დაენიშნოს ხელფასი. მისი ხელფასი დგინდება დარგობრივი პროფკავშირის აპარატის უფროსი სპეციალისტის ხელფასის დონეზე, არსებული ლიმიტის ფარგლებში.

 

დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კაცშირის
II გამგეობის მიერ
2013 წლის 9 სექტემბერს

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის
თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე


დატოვე კომენტარი